"რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქ ვიყავით და დაგპირდით, რომ აქ დაიწყებოდა მშენებლობა და მოგცემდათ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, რომ თქვენ ღირსეული ცხოვრება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში,
დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში რომ აქ აშენდებოდა "ოცნების ქალაქში" ზუსტად ერთ წელში და 6 თვეში გპირდებით, რომ აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, თქვენი ბავშვების. თქვენ უნდა მოგეცეთ საშუალება იცხოვროთ ღირსეულად 2021 წელს აქ დაიწყება სკოლისა და ბაღის მშენებლობა, აი ამ ბავშვებისთვის ვინც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება" - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, რომელიც ბათუმში იმყოფება.
გიორგი გახარია "ოცნების ქალაქში" მივიდა და იქ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მშენებლობისთვის კაპსულა ჩააგდო.
ე.წ. ოცნების ქალაქი 2012 წელს შეიქმნა, ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები შეიჭრნენ და იქ მუყაოსგან მცირე ზომის საცხოვრებლები შეკრეს. ამის გამო ტერიტორიას ჯერ მუყაოს ქალაქი ეწოდა, მოგვიანებით კი ოცნების ქალაქი დაარქვეს.
8 წლის განმავლობაში, იქ შესახლებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა და დღეის მონაცემებით, ტერიტორიაზე 1750-მდე ქოხია ჩადგმული. მათთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, 2019 წელს დაანონსა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თუმცა ტენდერი ორჯერ ჩავარდა. მესამე ტენდერი შპს "დაგმა" მოიგო და მშენებლობა უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.