გიგი უგულავას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლიდანაც 6 მოხდილად ეთვლება. მას ციხეში კიდევ სამი წლის გატარება მოუწევს - გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო. გიგი უგულავას საქმეს შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.
გიგი უგულავამ პირველი კომენტარი გააკეთა: "დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით თქვენი უწყისით. ამავე დროს, მე ვარ მზად და მირჩევნია მე თვითონ... გამოცდილება შესაბამისი მაქვს, ჩალაგებულია ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი. მე თვითონ მივალ ციხეში, მათ მიერ მითითებულ ციხეში. ზედმეტად სახელმწიფო ბიუჯეტს ხარჯვას გაუფრთხილდნენ.
მე არ ვაღიარებ არაფერს. არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს, რადგან ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას ვიპოვი", — განაცხადა გიგი უგულავამ.
"როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით, იგივე საქმეზე რაც მაქვს მოხდილი (არსებითად ვამბობს, რადგან შემდეგ დაიწყება სპეკულაციები ამ თემაზე და დაიწყება სხვა საქმეაო იმის ბოდვის) სამართლებივად ეს საქმე არაფერი არ არის და არ დავიწყებ ამის ძიებას, ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის ჩვეულებრივად, უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტკური გადაწყვეტილება და პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ფორმალურად დროც კი არ ჰქონდათ საქმის შესწავლის.
ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლეებმაც კი, არ შეასრულეს ეს ბრიყვული ბრძანება. და გაბინაშვილის უტვინობისა და უდიპლომო თადუმაძის ხელით, რომელსაც ალბათ დააწინაურებენ თვის ბოლომდე, მომისაჯეს ეს ბოდვა" - განაცხადა უგულავამ, რომელიც მანამდე ამ და სხვა საქმეებზე სასჯელს იხდიდა.
სასჯელი გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას საქმეზე გამოუტანეს. ამ საქმეზე, 2018 წელს საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი გააბათილა. როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა, უზენაესი სასამართლომ კი გადაწყვეტილება შეცვალა.