საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს მოუსმინა

04 თებერვალი 2020, 20:36 1579 ნახვა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე აღიარებს, რომ გენერალური პროკურორობის დროს ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრას ესწრებოდა. მას ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, გასაუბრებისას შეკითხვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დაუსვა. შოთაძე ირწმუნება, რომ ამ შეხვედრაზე შემხთვევით მოხვდა. ცნობისთვის, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მას ივანიშვილი პატარა სახელმწიფოსავით დახვდა და პროკურორთან ერთად გარჩევა მოუწყო.  შოთაძის მიმართ მთავარი პრეტენზია ხორავას ქუჩის მკვლელობას ეხება.

სწორედ ამ საქმის შემდეგ დატოვა მან თანამდებობა. მოგვიანებით კი საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე გამოძიება პრაქტიკულად ამოაყირავა. ამის ფონზე შოთაძე მის გადადგომას მხოლოდ კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს. გაუგებრობას ოპოზიციას აბრალებს და დღესაც ამბობს, რომ მის მიმართ შეკითხვები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ყოფილი გენერალური პროკურორის სავარაუდო დაბრუნებას ოპონენტები ცინიკურს უწოდებენ. ცნობისთვის, მას მმართველი გუნდი ახლაც, არჩევამდეც, ღია მხარდაჭერას უცხადებს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში