პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს იმას, რომ ივანიშვილმა ხალხი გამიზნულად მოატყუა - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც გუშინ თქვა, რომ გასული წლის ივნისში პროპორციულზე გადასვლის დაპირება სიტუაციის განმუხტვისთვის გაიცა. მოვლენათა შემდგომი ქრონოლოგიის გამო თვეებია მმართველ გუნდს თავის მართლება უხდება - იმის მტკიცება, რომ პოლიტიკური ლიდერების გავლენა, რომლებიც განცხადებების დონეზე მხარს უჭერდნენ პროპორციულს, უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ცალკეული მაჟორიტარების.
ამას საეჭვო უწოდეს ევროპარლამენტშიც. ქვეყნის პარტნიორები ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებენ, ელიან შეთანხმებას, მაგრამ წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით დათმობას არავინ აპირებს. ამ ფონზე ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა შეხვედრის მეხუთე რაუნდი, ოპოზიცია კი უკვე აქციებს აანონსებს, მანამდე კი ხვალ ამერიკის ახალ ელჩს შეხვდება.