საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, გუშინ, 28 იანვარს გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.
პრეზიდენტის განცხადებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განმარტებით, ვერავინ აუვლის გვერდს საქართველოს კანონმდებლობას.
"მსგავსი გადაწყვეტილებები ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანონის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. მეორე, საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ესეც ფაქტია, სამწუხაროდ, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრობა. ახლა დავბრუნდეთ უკან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც არ უნდა განაცხადოს ეს საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. მოვა ის დრო და ყველაფერი გაკეთებული იქნება კანონმდებლობის სრული შესაბამისობით,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს.