თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, ეს იყო ფორმალობა - ასე გამოეხმაურა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტას. მისი ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ გამოძიება მაშინ შეწყდა, როდესაც ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ითხოვდნენ. „თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს“ - ამბობს თამთა მიქელაძე.
პროკურატურა ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ინტენსიური გამოძიების შედეგად მიიღეს. ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაციისას სამართალდამცველებს შეცდომა არ დაუშვიათ და თავს იცავდნენ. აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჰქონდა ხელყუმბარა, რომელიც რეალურ საფრთხეს ქმნიდა. მოკლულ ახალგაზრდას ტერორისტებისთვის დახმარებას ედავებოდნენ. ამ საქმეზე სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია შეტანილი. ცნობისთვის, სპეცოპერაციისას სუს-ის მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი იყო. იგი დღეს მაჩალიკაშვილისგან პარალელს ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სთან ავლებს, ISIS-ის უკან კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხედავს.