საპროკურორო საბჭომ პარლამენტს, გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, მანამდე კი განხილვები იქნება. პოსტისთვის 14 კაცი და 3 ქალი იბრძვის, კანდიდატებს შორის მოქმედი და ყოფილი ადვოკატები და სამართლის პროფესორები არიან. ეჭვი არავის ეპარება, რომ გენერალური პროკურორის სავარძელს ისევ ირაკლი შოთაძე დაიკავებს. ყოფილი მთავარი ბრალმდებელი ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მასთან შეთანხმებით წარადგინა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებას" პროკურატურის კიდევ უფრო პოლიტიზირება სურს.
ყოფილი გენერალური პროკურორის მეორედ დანიშვნას ეწინააღმდეგება მესამე სექტორიც. თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილ პროკურორს მათი სრული მხარდაჭერა ექნება. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. მის წასვლას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.