"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში ინსტიტუტებისა და ლიდერებისადმი ნდობა შემცირებულია.
იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც მთავრობის საქმიანობას ”ცუდად” აფასებს, 2018 წლის შემდეგ 49 პროცენტიდან 64 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სასამართლოებისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი.
მოცემულ ანგარიშში პარლამენტის საქმიანობის შეფასება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 57 პროცენტი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას უარყოფითად აფასებს, 9 პროცენტი კი დადებითად. მოქალაქეების უმრავლესობა (64 პროცენტი) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათნაირი ხალხის შეხედულებებს ითვალისწინებს, ხოლო 68 პროცენტი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან.
"“შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება”, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 პროცენტი) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. „ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.