ვითხოვთ ეს სივრცე იყოს ღია, უნდა ვხედავდეთ რა ხდება ბათუმის ისტორიულ კონცხზე - მოქალაქეები რივიერას მშენებლობაზე

14 იანვარი 2020, 13:42 3757 ნახვა

ბათუმის რივიერასთან, ისტორიულ კონცხზე მოწყობილ სამშენებლო ღობეზე, დაახლოებით ერთი წუთი შეუწყვეტლივ  "მწვანე მომავალის"  აქტივისტები და ცათამბჯენების მშენებლობის მოწინააღმდეგები აბრახუნებდნენ.  სანაპიროზე, 5 ცათამბჯენის მშენებლობაა ორი წლის წინ დაანონსდა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.  მიუხედავად იმისა, რომ კომპანია  "სილქ როუდ ჯგუფს" მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აუღია,  ერთი თვის წინ, 8 დეკემბერს, ტერიტორია შემოღობა. 

რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობის მოწინააღმდეგეები, კომპანიისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვენ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე შემოღობილ ტერიტორიაზე. აქტივისტები ითხოვდნენ, რომ კომპანიამ საზოგადოებას მიაწოდოს ეს ინფორმაცია. ასევე ითხოვენ, საჯარო უწყებებიდან პასუხს, თუ რა ეტაპზეა 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვის პროცესი. 

"ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ტერიტორია იღოს ღია, ჩვენ ვხედავდეთ რა ხდება ამ ღობის იქეთ, რადგან ეს არის საჯარო სივრცე, რომელიც ეკუთვნის ქალაქს. რა თქმა უნდა ეს არის კერძო ტერიტორია, მაგრამ სანამ არ დაიგეგმება მშენებლობა და საზოგადოებასთან შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, ტერიტორია არის ჩვენი და საჯარო და არ დავთმობთ მას" - ამბობს ნათია აფხაზავა. 




რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობა და პროტესტი  - ისტორია მოკლედ

ბათუმის ისტორიულ კონცხზე, ცათამბჯენების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, "სილქ როუდ ჯგუფმა" 2018  წლის ივლისში გაავრცელა და პროექტის საჯარო განხილვაც მოაწყო. 

ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მალევე საზოგადოების ნაწილმა, ისტორიულ ზონაში შეუსაბამოდ მაღალი შენობების აგება გააპროტესტა. მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმით აქციები პროექტის წინააღმდეგ არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციებში ჩაერთო "საზოგადოება ბათომი", რომელიც სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონაშია და იქ 3 სართულიანი შენობებზე მაღალი კორპუსების ჩადგმა შეუსაბამო და უკანონოა. 

​პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა "მწვანე ალტერნატივაც", რომელის წევრები თვლიან, რომ შავი ზღვის სანაპიროზე, ამ კონცხზე შესაბამისი კვლევების გარეშე განხორციელება, ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს. 

საინიციატივო ჯგუფის - "დაიცავი ბათუმის" წევრები კი (ჯგუფი იმ მოქალაქეებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროს "ძველი ბულვარისა" და "რვაფეხას" დაცვის აქციებში იყვნენ ჩართულები- ავტ.) ამბობენ, რომ სანაპიროზე დარჩენილი ერთადერთი ღია სივრცე, ძველი ბათუმის ნაწილი, არ უნდა "ჩაბეტონდეს". 

წლის განმავლობაში, რივიერას საკითხზე ათეულობით ქუჩის აქცია გაიმართა და პერფომანსი მოეწყო, გაკეთდა -, პრემიერის, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თუ ადგილობრივი მთავრობის მისამართით. შეგროვდა 800-მდე მოქალაქის ხელმოწერა, რომლებიც გაეროს დაფინანსებით ჩატარებულ მულტიდისციპლინარულ კვლევას ეყრდნობიან, სადაც ეკოლოგიურ საფრთხეებზეა საუბარი. 

ხმაური და პროტესტი მოჰყვა ყველა საკრებულოს სხდომას, სადაც პროექტის სხვადასხვა ეტაპის დამტკიცების საკითხი გადიოდა. 

დაპირისპირება და მწვავე შეფასებები მოჰყვა ბათუმის მერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებასაც, რომელმაც ისტორიული დაცვის ზონიდან ამოიღო რივიერას მონაკვეთი და ისე გააგზავნა დასამტკიცებლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. "ბათომისა" და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამის გამო, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ღიად დაადანაშაულეს ტყუილში, კანონის დარღვევაში და პროექტის ლობირებაში. თვლიდნენ, რომ ლაშა კომახიძემ განზრახ ამოჭრა ეს მონაკვეთი ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან, პროექტის განხორციელებას პრობლემები რომ არ შექმნოდა მომავალში. 

მერმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო. თუმცა ლაშა კომახიძემ არ მალავს რომ პროექტის განხორციელების მომხრეა, მოქალაქეების პროტესტი კი "ცათამბჯენების კომპლექსით" ახსნა. საბოლოოდ მერის მიერ გაგზავნილი პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმიტომ დაიწუნეს და არ დაამტკიცეს, რომ ისტორიული დაცვის ზონის დოკუმენტიდან,  მეცნიერული დასაბუთების გარეშე იყო ამოღებული რივიერას ნაწილი. (ისტორიული დაცვის ზონა, ბათუმში ამ დრომდე არ არის დამტკიცებული). 

პროექტი მოსწონს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რჟვაძესაც, რომელმაც საინიციატივო ჯგუფის -"დაიცავი ბათუმის" წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრა ამ ჯგუფთან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რივიერას საწინააღმდეგო კამპანიის კომენტირებისას, ცნობილი ფრაზა - "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" ახსენა. 

მოქალაქეების პროტესტი ოპოზიციის აქციად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმაც. აღსანიშნავია, რომ "სილქ როუდ ჯგუფი" სწორედ ბიძინა ივანიშვილის თანადაფინანსების ფონდის დახმარებით გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას. 

"სილქ როუდ ჯგუფის" პოზიცია

რაც შეეხება კომპანიას, ის მოქალაქეებისა და სპეციალისტების პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება. კონკრეტულ ბრალდებებზე "ბათუმი რივიერას" დირექტორს, გიორგი კაპანაძეს პასუხები აქვს.  ამბობს, რომ რივიერა მოექცევა თუ არა ისტორიული დაცვის ზონაში, ეს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. კაპანაძის მტკიცებით, პრეცენდენტულად რივიერას მიმდებარედ არის განთავსებული ძალიან მაღალი შენობები  - "პორტა თაუერი" და "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", ამიტომ მათ კანონით აქვთ საშუალება, აქ ცათამბჯენები ააგონ. 

რაც შეეხება ეკოლოგიურ საფრთხეებს, "სილქ როუდ ჯგუფის" წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ იტალიურ კომპანიას დაუკვეთეს 100 000 ევროს ღირებულების  კვლევა, რომელიც ამ საფრთხეებს აბათილებს. იტალიელი სპეციალისტების მიერ მოკვლეული ინფორმაციის თანახმად, ზღვის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა საფრთხეს არ წარმოადგენს. "ბათუმი რივიერაში" ირწმუნებიან, რომ მყვინთავების ჩართულობით კონცხის წყლისქვეშა გამოკვლევაც მოხდა.

სწორედ ამ ფაქტის გამო, "დაიცავი ბათუმის" წევრები კომპანიის წარმომადგენლებს სიცრუეში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ "სილქ როუდ ჯგუფის" მიერვე დაკვეთილ იტალიელების კვლევის ინგლისურენოვან ვერსიაში, საფრთხეების შესახებ წერია. მყვინთავების დახმარებით კი კონცხი არავის შეუსწავლია, რადგან ისინი ქართველი სპეციალისტების კვლევებს დაეყრდნენ, რომლებიც 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.  

რისი აშენება სურს ბათუმის ისტორიულ კონცხზე "სილქ როუდ ჯგუფს"?

6 ჰექტარი ტერიტორიაზე, რომელიც "კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" საკუთრებაა, თავდაპირველად 4 საცხოვრებელი კორპუსის და 2 სასტუმროს აშენება იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ერთი ცათამბჯენის აშენება გადაიფიქრეს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება იახტკლუბის, ხელოვნური ტბისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა. 

“რივიერას„ ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს 10,086,000 ლარად  საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე შეიძინა.

პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება, 73. 5 მლნ. დოლარია, ხოლო პროექტირების ფასი - 2.5 მლნ. დოლარზე მეტია. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში