სალომე ზურაბიშვილს დღეს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია, მაგრამ შეფასებები გააკეთა არჩილ თალაკვაძემ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა"- ეს სააკაშვილის სიტყვებია - ამ განცხადების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით ექს-პრეზიდენტის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით ეს სააკაშვილის აღიარებითი ჩვენებაა. ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად რევოლუციას ხედავს. სააკაშვილის თანაგუნდელების შეფასებით კი მის განცხადებაში გასაკვირი არაფერი იყო, იმ დანაშაულებთან შედარებით რაც ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ჩაიდინა. ცნობისთვის ე.წ. გავრილოვის ღამეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ოპოზიციის ლიდერებს ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს.