ავტომობილები ტროტუარებზე, ჩახერგილი ქვეითთა სავალი ნაწილი - ასეთ სურათს ბათუმის არაერთ ქუჩაზე შეხვდებით.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გარეუბნებში, ვულკანიზაციებისა და ავტოსამრეცხაოების მიმდებარედაა. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ გარეუბნებში მძღოლების სითამამე ნაკლები კონტროლითაა განპირობებული.
ადგილობრივების განმარტებით, ხშირ შემთხვევაში მანქანებს ტროტუარი ისე აქვთ ჩახერგილი, რომ მათ ქუჩაზე უწევთ გადაადგილება. განსაკუთრებით რთულია ეტლით მოძრაობა.
მხოლოდ ბათუმში პირველი იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით არასწორ პარკირებისთვის 314 ჯარიმა დაიწერა. აიპი "მუნიციპალური ინსპექციაში" ადასტურებენ, რომ ვინაიდან რუსთაველის, გორგილაძისა და ჭავჭავის ქუჩები უფრო მოძრავია, საპატრულო პოლიციაც ხშირად პატრულირებს, შესაბამისად დარღვევები ნაკლებადაა, გარეუბნებში კი მეტად.
"შეიძლება ჯგუფი გავიდეს, მოაწესრიგოს ქუჩაზე სიტუაცია და რამდენიმე წუთში იქ თავიდან დაფიქსირდეს დარღვევა. ეს პარკირების ადგილების სიმცირესთან ერთად მძღოლების მენტალიტეტის პრობლემაცაა. გარეუბნებში შეიძლება იყოს თავისუფალი ადგილები, მაგრამ მძღოლს მანქანა მაინც ტროტუარზე ყავდეს გაჩერებული"- ამბობენ აიპ "მუნიციპალურ ინსპექციაში".
მძღოლებს არასწორი პარკირებისთვის 10 ლარით აჯარიმებენ.