ოკუპირებულ ცხინვალის მიერ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, 29 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით აქცია იგეგემება - მიეცი თავისუფლების სიგნალი.
აქციის ორგანიზატორი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და დაკავებული ექიმის ოჯახის წევრები არიან. 29 დეკემბერს საქართველოსა და საზღვარგარეთ, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლების სიგნალი გაისმება - იდეის ორგანიზატორები და მოხალისეები ერთდროულად, 19 საათზე საავტომობილო სიგნალებით გააპროტესტებენ მის დაკავებას.
”ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო. გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო“, - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა, 20 დეკემბერს კი ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით წელიწადი 9 თვე მიუსაჯა, საზღვრის დარღვევისთვის.
ექიმის გასათავისუფლებლად საჭირო იყო, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში გადასვლის დროს, საზღვრის დარღვევა ეღიარებინა. ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.