თბილისი-ბათუმის მატარებელი ხარაგაულში დაუგეგმავად ერთი საათის განამავლობაში იყო გაჩერებული. რკინიგზაში ამბობენ, რომ ბათუმის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა. მატარებელი დანიშნულების ადგილზე, თიტქმის ორი საათის დაგვიანებით ჩამოვა.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტის ინფორმაციით, მგზავრებისთვის შეფერხების მიზეზები არ აუხსნიათ და არც ის იცოდნენ, როდის დაიძვრებოდნენ, რამაც მგზავრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ისინი ალტერნატიული ტრანსპორტის მოყვანას ითხოვდნენ.
საქართველოს რკინიგზამ, მომხდართან დაკავშირებით, განმარტება საკუთარ ვებ-გვერდზე გააკეთა, სადაც მომხდარი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაუკავშირა.
"ხარაგაული-ძირულას გადასარბენზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, შეფერხებით მოძრაობდა შემდეგი სამგზავრო მატარებელები: № 678 თბილისი – ქუთაისი; №804 თბილისი-ბათუმი; №874 თბილისი-ფოთი; №801 ბათუმი -თბილისი; №871 ფოთი-თბილისი და №869 ზუგდიდი-თბილისი
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო – ამ დროისათვის მოძრაობა სრულად აღდგენილია" - წერია განცხადებაში.
რკინიგზაში განმარტება არ გაუკეთებია, რატომ არ გააფრთხილეს მგზავრები წინასწარ ან რატომ არ შეიცვალა განრიგი. მაშინ როცა, 24 დეკემბერს სხვა რეისები მოიხსნა და ამის შესახებ 23 დეკემბერს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია.