საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი აცხადებს, რომ 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმ ეტაპზე უწყებას ჰქონდა. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ კი, სურათი შეიცვალა.
''ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც გამოძიების შემდეგ შეიძლება, გამოიკვეთოს. იქედან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, რაიმე სახის მტკიცებით ფორმატში განცხადება ლოგიკურია, მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი საზოგადოებაში არსებულ სრულად ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
ბრიფინგის გამართვისას ნათლად და მკვეთრად განვაცხადეთ, რომ სამინისტრო აბსოლუტურად ღია იყო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე როცა მოგვმართა ინსპექტორმა, ჩანაწერები დაუყონებლივ გადავუგზავნეთ. აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არის უმთავრესი მიზანი“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მისი განცხადების არასწორად ინტერპრეტირება მოხდა.