ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ მამაკაცი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.
მოქალაქეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა როგორც ცენტრში გვითხრეს, მედიკოსების მისვლამდე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში სხვა ავტომობილით გადაიყვანეს.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა. უწყების ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილზე პოლიციელის მეწყვილემ აიყვანა.
გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
"ჭრილობა იყო ღრმა, დაზიანებული იყო მცირე ვენები და ხორხის ზედაპირი. ხელზე მცირედი, უმნიშვნელო ჭრილობა ჰქონდა. ჩატარდა ოპერაცია და დაუმუშავდა ჭრილობა, პაციენტი უკვე გადავიყვანეთ პალატაში და ის ხელოვნურ სუნთქვაზე, მძიმეა მაგრამ სტაბილურია მისი მდგომარეობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით. იყო დიდი სისიხლის დანაკარგი, ჭრილობა და ოპერაცია იყო მძიმე, მაგრამ ამ მონაცემებით კარგი დინამიკაა. შეესაბამება ოპერაციის სიმძიმეს" - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა.