ევროპარლამენტარების შეფასებით 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული აქტივისტები პოლიტიკური პატიმრები არიან. “ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს” – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა.
რუმინელმა დეპუტატმაც თქვა, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას. ისინი ხელისუფლებას დაკავებულების დროულად გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლება კი ევროპარლამენტარებს არ ეთანხმება. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ დაკავებული პირები პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან. პოლიტიკური პატიმრების არსებობას გამორიცხავს თეა წულუკიანიც. არჩილ თალაკვაძის თქმით კი ქვეყანაში მოქალაქეებს სასამართლო აკავებს და არა პოლიტიკოსები.