ბათუმში, გარადოკის დასახლებაში, აჭარის განათლების სამინისტრო სახელოვნებო სკოლის აშენდებას გეგმავს. სამინისტრომ სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ბათუმში, სვიშევსკის ქუჩა N1-ში, სახელოვნებო სკოლისთვის 2 ან 3 შენობის ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს. კერძოდ, ძირითადი კორპუსის, საკონცერტო დარბაზის და საჭიროების შემთხვევაში საამქროებისათვის განკუთვნილი მცირე შენობა.
სამინისტროს სურს, რომ პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყოს ობიექტის არქიტექტურული იერსახის შესაბამისობა გარემოსთან, დაიცვას ენერგოეფექტური მშენებლობის სტანდარტები, დაინაგარიშოს ხარჯთაღრიცხვაში თანამედროვე მასალების ღირებულება, გათვალოს კლიმატური ფაქტორები და შესაბამისი დატვირთვა შენობაზე. კომპანია, რომელიც აღნიშნული მოთხოვნების შესაბამის პროექტს წარადგენს, სამინსიტრო მზადაა 365 ათასი ლარი გადაუხადოს.
ახალ შენობაში უნდა გდავიდეს 5 სკოლა: მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის , ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო, რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლები. სამინისტროში ამბობენ, რომ გამოთავისუფლებული შენობები კი სახელმწიფოს დაუბრუნდება.
"ის შენობები, სადაც ახლა სხვადასხვა სახელოვნებო სკოლაა განთავსებული გამოთავისუფლდება და სახელმწიფოს დაუბრუნდება, მათ შემდგომ განკარგვაზეც ის იზრუნებს. ეს შენობები სკოლებზე უზურფრუქტის წესითაა გადაცემული. მათ ნაწილს ან საკუთარი შენობა საერთოდ არ აქვს, ან შენობები იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ე.წ გარადოკის დასახლებაში აშენდება დიდი "განათლების ქალაქი". მოეწყობა ისეთი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სახელოვნებო სკოლების განვითარებას სჭირდება. სკოლების წარმომადგენლები საკითხზე ინფორმირებულები არიან, მათთან შეხვედრა იყო და ისინი გადასვლაზე თანხმობას აცხადებენ", - განმარტავენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
უწყებაში ამბობენ, რომ მთავარი შენობა გათვლილი იქნება 2500 მოსწავლეზე, საკონცერტო დარბაზი კი 300 ბავშვზე. მათივე განმარტებით, ობიექტი ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მოცეკვავემ მომღერალს ხელი არ შეუშალოს, ბალეტმა კი მხატვარს ...
მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2 წელი გაგრძელდება.