საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ აუქციონზე ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე.
მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.
„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს.