საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
"როცა საქართველო 20 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს იყოს სრული რეფორმირების დ ა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. რასაც ჩვენ დღესაც ვადასტურებთ, მიმდინარე პროცესებს ვგულისხმობ. საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეებში ნათლად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას.
"ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შეიძლება მიაჩნია პოლიციის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება. ჩვენ სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომლებიც ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. გარდა ამისა ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას. ეს არ ნიშნავს ცალკეული ინსტიტუტების ბლოკირებას, ნიშნავს სრულად სახელმწიფოს ბლოკირებას. ამიტომ მოგიწოდებთ თითოეულ ჩვენგანს გავაორმაგოთ ყურადღება, რადგან გავაგრძელოთ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა"-განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.