აჭარის მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

22 ნოემბერი 2019, 17:58 5606 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა. 

პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ. 

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. დღეს მან მრჩეველთა საბჭოს უთხრა, რომ პრობლემად მიიჩნია წამყვანების ოპონირება რესპოდენტებთან და თქვა, რომ ამ პრობლემას იოლად მოაგვარებს, ჟურნალისტებს მოთმენას ასწავლის. 

მრჩეველებს არჩევანის გაკეთება 9 კანდიდატს შორის მოუხდათ. კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე. 

მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეოთხედ ჩატარდა.  

2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს. 

რა პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო თვეების განმავლობაში:

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი განხორციელდა. 

მრჩეველთა საბჭოს ძველმა შემადგენლობამ, სამი კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეოთხე კონკურსი კი ბოლო შანსი იყო, ძველი შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოს აერჩია მაუწყებლის დირექტორი, რადგან 4 მრჩეველს უფლებამოსილება უმთავრდებოდა. 

მეოთხე კონკურსი ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეჩერდა. რის გამოც, ისე დაუსრულდა უფლებამოსილება მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ დირექტორი ვერ აირჩიეს. 

მედია ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ პროცესი სასამართლოს დახმარებით ხელოვნურად გაჭიანურდა, ვინაიდან ძველი მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვერ აარჩევინეს ის კანდიდატი, რომელიც სჭირდებოდა ხელისუფლებას. წინა კონკურსების დროს, საბჭოს უკვე ყოფილი წევრები აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ორი საბჭოს წევრი სისტემატიურად სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდა მხარს და სამი წევრს ჰქონდა შანსი, მაუწყებლის დირექტორად აერჩიათ პირი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა პოლიტიკური გავლენებისგან. 

ყოფილმა მრჩეველმა ბეჟან გობაძემ თქვა, რომ  5 წევრიდან ორ ხმას სამთავრობო კანდიდატი იღებდა. ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე კი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორის არჩევაზე კონსულტაციები, სამ მრჩეველს შორის ხდებოდა.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილის ამბობდა, ჰქონდა მოლოდინი, მე-4 კონკურსზე, აერჩიათ დირექტორი, კონსესუსი სამ მრჩეველს შორის შედგებოდა. 

აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო კანდიდატების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ არც ბევრი დრო ჰქონია და არც სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა საქმიანობით დაინტერესებულიყო. 

მედიაექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ კონკურსის შეჩერებამ მისცა შანსი უკვე ახლად დაკომპლექტებულ მრჩეველთა საბჭოს აერჩია დირექტორი, რომლის უმრავლესობა - ანუ სამი წევრი, მართველი პარტიის კვოტით არის წარდგენილია და არჩეული. 

კონკურსის შეჩერება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმაც პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებად მიიჩნიეს, დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორს და აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს და განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, კონკურსის შეჩერება იმის გამო მოხდა, რომ ახალი“დირექტორი ​ძველ მრჩეველთა საბჭოს არ აერჩია, რომელიც ნაკლებად იყო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი