ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, გვიან ღამით კომერციული ობიექტი გაქურდეს. მაღაზიები და ოფისები, 9 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს. ღამით ყველა მათგანი დაკეტილი იყო.
მოქალაქემ აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ ოფისიდან ნოუთბუქი წაიღეს. სამართალდამცველებმა ადგილი დაათვალიერეს, თითის ანაბეჭდები აიღეს და ოფისის მეპატრონეც გამოკითხეს.
კორპუსში მცხოვრებლები ყვებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩაზე გარე განათებები გათიშულია, ღამით ავტომობილებიც არ მოძრაობენ და გზის ეს მონაკვეთი ჩაბნელებულია.
ორი კვირის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ლომბარდიც გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ შეტყობინება ერთი ობიექტის გაქურდვის შესახებ შევიდა. ადგილზე პოლიცია გავიდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია.