საქართველოს პარლამენტის ნაცლად დაერქმევა თბილისის პარლამენტი - ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე 

15 ნოემბერი 2019, 23:31 3592 ნახვა

ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე საუბრობს მიზეზებზე, რატომ არ დაუჭირა მხარი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ის აჭარის დეპუტაციიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავი შეიკავა და პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას ხმა არ მისცა. 

დეპუტატი ფიქრობს, რომ რეგიონებს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეთ. ბოლქვაძის თქმით, კანონპროექტის ინიცირების დროს მას დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. 

მაჟორიტარი ამბობს, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ თბილისში გადასაწყვეტი არაა და აზრი მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობასაც უნდა ჰკითხონ.

''ეს გადაწყვეტილება მე ორი დღის წინ არ მიმიღია. როდესაც კანონპროექტზე მზადება იყო, შეხვედრა იყო მოსახლეობასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან ერთად, იქ მოქალაქეების მიერ იყო დასმული საკითხი, რომ შენარჩუნებულიყო მაჟორიტარული სისტემა. როდესაც ინიცირება გაკეთდა, იქ დაახლოებით 97 მა დეპუტატმა, თუ არ ვცდები ხელი მოაწერა, მე არ მომიწერია ხელი და განვაცხადე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისში გადასაწყვეტი თემა არ იყო. ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ხვალ კიდევ გავაგრძელო მუშაობა. რომელი კანონპროექტიც არის წარმოდგენილი, ნურავის ნუ ეწყინება, საქართველოს პარლამენტი არ იქნება, დარქმევა თბილისის პარლამენტი. რეგიონებიდან ნაკლებად მოხვდებიან დეპუტატები'' - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ საუბრისას.

დეპუტატმა საბჭოთა პერიოდის მაჟორიტარებიც გაიხსენა და საზოგადოებას ხულოს მაგალითის შესახებ უამბო. 

''გავიხსენებ ერთ პატარა პერიოდს. ეს გასახსენებლადაც არ ღირს, მაგრამ უნდა ვთქვა.  ყველაფერს უნდა დაერქვას მისი სახელი. ჩვენ ხულოს რაიონს ერთი პერიოდი მოსკოვში გვყავდა მაჟორიტარი დეპუტატი, როდესაც საბჭოთა ეპოქა იყო. ისე აირჩია მოსახლეობამ და ისე გააცილა, რომ თვალითაც არ უნახავს. დღესდღეობით ანზორ ბოლქვაძე იქნება იქ, პეტრე იქნება თუ ალექსი მოსახლეობამ უნდა აირჩიოს. ​მთას დღეს ბევრი პრობლემა აქვს უნდა ყავდეს მას საქართველოს პარლამენტში ერთი წარმომადგენელი'' - თქვა დეპუტატმა.

მაია ვარშანიძე: ეს თქვენ და სხვა მაჟორიტარებმა გადაწყვიტეთ, რომ არ დაუჭერდით მხარს შერეული წესით არჩევნების ჩატარებას , თუ ბიძინა ივანიშვილიც თქვენს გვერდითაა?

ანზორ ბოლქვაძე: ბიძინას არ დაუძახია, არ უთქვამს მაგ კაცს, რომ ეს გააკეთე ის გააკეთე. თუ ბიძინა ივანიშვილი ანზორს დაუძახებდა, რატომ არ დაუძახებდა ფატი ხალვაშს, კობა ნაკაიძეს?

მაია ვარშანიძე: გამოვიდა თუ არა ისე, რომ მაჟორიტარები პარტიის ლიდერის გაცხადებულ პოზიციას შეეწინააღმდეგეთ, მოგიწევთ თუ არა ამისთვის პარტიის დატოვება?

ანზორ ბოლქვაძე: თქვენ იმას აფასებთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე დავინახავთ საზოგადოებას. ეს საწყენია, მოსაწონი არაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მთიანი აჭარის მოსახლეობის აზრი. მაშინ რატომ ვატარებდით შეხვედრებს, ვეკითხებოდით აზრს. ამ ყველაფერს იწერდა პრესა, ამოიღეთ და ნახეთ.

მაია ვარშანიძე: თქვენი ამ  ნაწილში აქტიურობა ბევრს უკვირს, განსაკუთებით ოპონენტებს. როგორ დაარწმუნებთ მათ, რომ ''მაჟორიტარების ბუნტი'' ივანიშვილის გეგმის ნაწილი არ არის. 

ანზორ ბოლქვაძე: ''კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ბატონმა მუხრანმა და მე გადავწყვიტეთ, ივანიშვილმა სხვას რატომ არ დაავალა, ჩემზე ჰქონდა დავალების უფლება და სხვაზე არაა? არავის დავალება არ იყო. ​დავალებები ადრე იყო დეპუტატი, რომ ვიყავი. ხელს ნუ ვიშვერთ იქეთ აქეთ, მოსახლოებას შევხვდეთ. მოვიკითხოთ ეს ყველაფერი. 220 000 ხელმოწერას თბილისში სულ ააგროვებ. მასე არ გამოვა ვილაპარაკოთ ერთი მიმართულებით და ვიყოთ მართალი. დიახ, დედაქალაქის ჩვენი რეგიონებითაა მდიდარი''.  

ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე პროექტს 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი ჰყავდა.  კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

აჭარის 8 დეპუტატიდან, დღეს სხდომაზე 7 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან ორი მაჟორიტარი დეპუტატი - მუხრან ვახტანგაძე და  ანზორ ბოლქვაძე, პროექტის  მომხრეებიარ  აღმოჩნდნენ.  კანონპროექტი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, სადაც მაჟორიტარების ინსტიტუტი უქმდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი