მერაბ ბლადაძემ პოლიტიკური გაერთიანება ''პარტიოტთა ალიანსი'' დატოვა - ამის შესახებ დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ, განაცხადა. ბლადაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ლიდერებთან ხედვების შეუთავსებლობა გახდა.
''ვფიქრობ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი უფრო მეტად ვიქნები ჩართული ჩემი რეგიონის მოსახლეობის ინტერესების დაცვაში. არცერთი პარტია, არცერთი საქმე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ხალხის მსახურება. ამიტომ მე როგორც პარტიიდან დამოუკიდებელი, მაქსიმალურად ბევრ დროს დავუთმობ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.
ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ ვტოვებ პარტიას, მიზეზი გახლავთ, ჩემი ხედვების შეუთავსებლობა პარტიის ხელმძღვანელობასთან. აქვე ავღნიშნავ, რომ პარტიიდან წამოსვლის მიუხედავად, ''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერებთან, ჩემი ურთერთობა დარჩება მეგობრული და კოლეგიალური,''- თქვა ბრიფინგზე მერაბ ბლადაძემ.
მერაბ ბლადაძის კანდიდატურას, უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი თებერვალში დაუჭირეს. მან დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი ჩაანაცვლა.
რატომ გადაწყვიტა დეპუტატმა პარტიის დატოვა, აჭარის მაუწყებელი თემაზე მუშაობს და განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.