7 წლის განმავლობაში "ოცნების ქალაქში" მიტოვებულები იყვნენ - თორნიკე რიჟვაძე სახლების მშენებლობის დაწყებას აანონსებს

11 ნოემბერი 2019, 14:23 3345 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღეს, 11 ნოემბერს აცხადებს, რომ "ოცნების ქალაქში" დაანონსებული სახლების მშენებლობა, რომელიც სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, მალე დაიწყება, ტენდერი კი დღეს გამოცხადდება. 

თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ სოციალური გამოწვევა, რომელიც რეგიონში, მისი შეფასებით უპირველესი იყო, აუცილებლად გადაილახება და ამ პროექტს ბოლომდე მიიყვანს.  

"რამდენიმე თვის წინ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ე.წ. მუყაოს ქალაქში" მაცხოვრებელი ოჯახების და 1000 ბავშვის საცხოვრისით უზრუნველყოფას, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო  იმ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოთი, რომელიც იქ დაგვხვდა. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდათ მოსახლეობას და რეგიონს.  

დღეის მდგომარეობით დასრულდა პროექტირება, და დღესვე უკვე გამოვაცხადებთ სახელმწიფო შესყიდვას და გადავალთ მშენებლობის ეტაპზე. პირველ ეტაპზე 580 ბინით იქ მცხოვრები ოჯახის უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არ იქნება მეორეხარისხოვანი მოქალაქე. ამ პროექტია მოგვარებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები, UNICEF​-ი ბავშთა დაცვის კუთხით, წითელი ჯვრის ორგანიზაცია, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩვენ მათთან ერთად მუშაობას გავაგრძელებთ. მათი გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება კრიტერიუმების დადგენა და დასრულება, ვინც უნდა მიიღოს ბინა. მინდა ავღნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენვე მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე," - განაცხადა ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პროცესს, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ მათი ოპონენტები ყოველთვის შეეცდებიან  პროცესები არჩევნებს დაუკავშირდონ.  "ეს გადაწყვეტილება ემსახურება იქ მცხოვრებლების კეთილდრეობას, 7 წლის განმავლობაში ეს ხალხი იყო მიტოვებული" - ამბობს თორნიკე რიჟვაძე. 

29 სექტემბერს, "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობა ტყუილში დაადანაშაულეს. თქვეს, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში დაჰპირდა თორნიკე რიჟვაძე ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე უნებართვოდ დასახლებულებს კორპუსების აშენებას, რომელშიც სოციალურად დაუცველ უსახლ-კარო ოჯახებს შეასახლებდნენ.

მშენებლობა სექტემბრის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის მომზადება დემონსტრაციულად ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო,  ოცნების ქალაქში საძირკვლის მოსამზადებლად მშენებლები არც დღეს გამოჩენილან.

პროექტის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება, აჭარის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს დღესვე დაევალა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი