უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში, უთხრა ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ. მან კომენტარი „ვერის ბაღში“ გააკეთა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ვასაძე ამბობს, რომ კინოთეატრ „ამირანთან“ გუშინ პროვოკატორებიც იყვნენ.
„სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს გულწრფელად, 100 პროცენტით მინდოდა გუშინ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისგან სრულიად გამოვიფიტე, როდესაც სიმწრისგან, ამ ჟურნალისტებისაგან გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები გამოფიტვის ზღვარზე არის, უცებ მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში.
ვფიქრობ, ჩვენ რომ გუშინ იქ შევსულიყავით, პროვოკატორებს, ვინც პიროტექნიკას და პეტარდებს ისროდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს, შიგნით ჩვენ მათ ვერ გავაკონტროლებდით და კიდევ უარესს იზამდნენ. კიდევ უფრო მეტი ხალხი დაბრკოლდებოდა ტრადიციული ღირებულებების მიმართ. ამიტომ მივიღოთ ეს, როგორც უფლის ნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც კაცებს, გვინდოდა ამ კინოჩვენების შეწყვეტა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.