სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე თავდასხმები ხორციელდებოდა, რაზეც საზოაგდოებას სწორი რეაქცია ჰქონდა.
"ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ეკლესიაში განვითარებული მოვლენები მიზანმიმართულ დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.
"ეს არის მიზანმიმართული მცდელობა დესტაბილიზაციის, იმ მომენტში როცა ეს ქვეყანა მიდის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ 2020 წლისთვის არჩევნებისთვის ვემზადებით, ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.