იუსტიციის მინისტრმა მიწების გამარტივებული წესით რეგისტრაციის ერთი თვის შედეგები შეაჯამა. თეა წულუკიანის შეფასებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, რაზეც ამ დროისთვის არსებული სტატისტიკაც მეტყველებს. წულუკიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 45 575-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც 12 ათას 164-ის შემთხვევაში რეგისტრაცია წარმატებით განხორციელდა, სხვა განცხადებები კი დასრულების ან შესწავლის სტადიაშია. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, საჭირო დოკუმენტაციას საჯარო რეესტრი თავად იძიებს, რეგისტრაციის პროცესი კი მოქალაქისთვის ყველა ეტაპზე უსასყიდლოა. ამასთან, რეფორმაში აქტიურად არიან ჩართული ნოტარიუსებიც, რომლებიც დავების წარმოშობის შემთხვევაში მოქალაქეებს შორის მედიაციას აწარმოებენ.