საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასასრულს უახლოვდება. კომისიამ 23 კანდიდატიდან, ოთხს უარი პირველივე ეტაპზე უთხრა, დარჩენილი 19 კონკურსანტიდან კი გასაუბრების საფუძველზე უმაღლეს საბჭოს ცამეტი წარუდგინა.
ვინ შევა რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს რჩეულ ოთხეულში სესიაზე კენჭისყრით გადაწყდება. მანამდე კი კომისიის წევრებთან და კანდიდატებთან პირისპირ გასაუბრებას ითხოვს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
კომისიის მუშაობამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა. კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თუ მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების კვოტირების მოქმედი წესით, ხუთკაციანი შემადგენლობიდან უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეყოლება რამდენად დემოკრატიულად განვითარდება პროცესები მაუწყებელში და მის ირგვლივ.