აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი დეპუტატს - ხომ არ არის თქვენი განცხადება სეპარატისტული?! 

18 ოქტომბერი 2019, 13:53 3413 ნახვა

17 ოქტომბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოკ-შოუ "სათქმელის" პირდაპირ ეთერში, სადაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობდნენ, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა მაუწყებლის თანამშრომლის წარმომავლობაზე ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პრეტენზია გაუჩნდა, თუ რატომ მუშაობდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოწვეულ სპეციალისტად არა ადგილობრივი კადრი.

კონკრეტულად კი ზვიად ქორიძის მიმართ დააფიქსირა პრეტენზია.  "მაინტერესებს რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი ზვიად ქორიძე? რატომ უნდა ღებულობდეს 3000 ლარს ხელფასს? ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი უვიცები არიან ადგილობრივები? ზვიად ქორიძე არის მხარე," - განაცხადა მერაბ ბლადაძემ.

ჟურნალისტმა, ირინა ყურუამ კი დეპუტატს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს განცხადება სეპარატისტული. "ეს მიდგომა სეპარატისული ხომ არ არის? თუ საქართველოს მოქალაქე პროფესიონალია, მას თბილისში ან სხვა რეგიონში მუშაობის უფლება არ უნდა ქონდეს?" - ჰკითხა დეპუტატს ჟურნალისტმა.

კონტრშეკითხვაზე დეპუტატს უფრო ვრცელი განმარტება არ გაუკეთებია. არც "გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის შენიშვნაზე დაუზუსტებია ინფორმაცია, საიდან აქვს მოწვეული სპეციალისტის ხელფასზე, ანუ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა. 

მერაბ ბლადაძემ ტელევიზიაში ბალანსის დარღვევაზე ისაუბრა, სადაც მისი შეფასებით ხელისუფლება იმ დოზით არ ჩანს, რა დოზითაც ოპოზიცია. "აჭარის ტელევიზიას დღეს აკლია ბალანსი. ესაა საზოგადოების პრეტენზია. ანუ ბალანსი რას ნიშნავს, ოპოზიციის ხმა ისმის ყველაზე მეტად, კერძოდ "ნაციონალური მოძრაობის", ამაში არის საქმე. ერთნაირად უნდა ისმოდეს როგორ ოპოზიციის ხმა, ასევე ხელისუფლების," - თქვა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი