ქედაში სოფელ ნამლისევში მეოთხე დღეა ღია ცის ქვეშაა დარჩენილი ჯუმბერ მალაყმაძის 4 წევრიანი ოჯახი. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, თუმცა საცხოვრებლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეზერვო ფონდში მსგავს ოჯახებზე დასახმარებლად თანხები ამოწურულია, ვიდრე სამთავრობო კომისია მდგომარეობას შეისწავლის, დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ქედაში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა.