"ამ პროექტსაც ეშველება" - თორნიკე რიჟვაძე "კუბ თაუერზე", რომელიც მე-9 წელია ვერ აშენდა

11 ოქტომბერი 2019, 23:00 3911 ნახვა

აჭარის მთავრობა "კუბ თაუერის" მშენებარე კომპანიას უჩივის. 9 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, კიდევ ერთი ცათამბრჯენი ძველ ბათუმში, ვერ აშენდა.  

არსებული რეალობის მიუხედავად, თორნიკე რიჟვაზე ამბობს, რომ "ამ პროექტსაც ეშველება", თუმცა როგორ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ეტაპზე არ უყვება... 

რა ხდება სამშენებლო მოედანზე და "ინვესტიციის" 9 წლიანი ისტორია... 

მიტოვებული სამშენებლო მოედანი, სამშენებლო ნარჩენები, დაჭაობებული და დაბინძურებული ტერიტორია - ასეთი სურათია ქალაქის ტურისტულ ნაწილში, ნავსადგურის წინ, ერთ-ერთი გახმაურებული საინვესტიციო პროექტის ადგილზე.

პროექტის თანახმად, ამ ადგილზე 22 სართულიანი სასტუმრო „კუბ თაუერი“ და სასტუმროების საერთაშორისო ოპერატორი - „სვისბელი" 2019 წლიდან უკვე უნდა ოპერირებდეს, თუმცა ინვესტორმა მხოლოდ მიწა ამოთხარა და მე-9 წელია მშენებლობას ვერ იწყებს.  

მშენებელი კომპანია „ადოგ ჯორჯიაა", რომლის მფლობელი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია, რომელსაც 2010 წელს, 1 ლარად საკუთრებაში მიწა ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ადგილზე გადაეცა. სულ, გოგებაშ­ვილის ქ. N10-12-ის არსებული 1621 კვმ მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორს მინიმუმ 180 ნომრიანი სასტუმრო და კაზინო უნდა განეთავსებინა.  ამისთვის კი 30 მლნ დოლარი უნდა დაეხარჯა.

სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია.  ბოლო ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უნდა გახსნილიყო. ფაქტია ვადები კვლავ დაირღვა. 

19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  უმაღლეს საბჭოში ანგარიშის დროს განაცხადა, რომ  რეგიონში არ გვქონდა არც ერთი გაჩერებული საინვესტიციო და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი.  თუმცა, ამ მოხსენებაში ვერ მოხვდა "კუბ თაუერი". 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ უკვე სასამართლო დავა დაიწყეს კომპანიასთან. ამბობს, რომ "პროექტს მალე ეშველება".

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სასამართლო ეტაპზე. მოხდა ხელშეკრულების მოშლა და ეს არის ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელსაც მალე ეშველება. შევძლებთ, რომ ეს პროექტიც განხორციელდეს” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც გაირკვა, "კუბ თაუერის" მიწას ყადაღა ადევს, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიას ერთ-ერთმა ქვე-კონტრაქტორმა დაადო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი ცდილობს, კომპანია „ადოგ ჯორჯიას“ ქონება ყადაღისგან სასამართლოს გზით გაათავისუფლოს. პარალელურად კი პირგასამტეხლო  დააკისროს, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. 

შეუსრულებელი ვალდებულებების გამო  კომპანია 3 655 355 ლარით და 3 720 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში დაჯარიმდა.

მთავრობის მთავარი ამოცანაა ყადაღისგან გათავისუფლებული ქონება უკან დაიბრუნოს. 

ხომ არ იგეგმება ინვესტორის შეცვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

რას ამბობენ კომპანიაში? 

კომპანიაში მშენებლობის გაჭიანურებას პროცესში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი გარემოებებით და მოსახლეობის პრეტენზიებით ხსნიან. 

"რეალურად საშუალებაც არ გვქონდა, რომ ნორმალურად გვემუშავა. როგორც კი მოგვცემენ ამის საშუალებას, ჩვენ მზად ვართ  იმ დილიდან განვაახლოთ სამუშაოები. მე იმედი მაქვს, რომ სამინისტროსთანაც და მოსახლეობასთანაც ეს პრობლემები მოიხსნება. სასამართლომაც ერთმანეთში მოლაპარაკება გვირჩია და იმედია უახლოეს პერიოდში, რასაც ჩვენ შევთავაზებთ სახელმწიფოს, იმაზე შეთანხმებას მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიჭიდაოთ და ვუყუროთ, თუ რამდენი წელი იქნება იმ ტერიტორიაზე ჭაობი და ბაყაყების ყიყინი"-აცხადებს "ადოგ ჯორჯიას" წარმომადგენელი.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას სამინისტროსთან პირგასამტეხლოს თაობაზეც შეძლებენ და თანხის გადახდა არ მოუწევთ.

"ჩვენ თუ ვინმე გვედავება, რომ 3 მილიონი გვაქვს გადასახდელი, საპასუხოდ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ 5 მილიონი გვაქვს დახარჯული, ასე რომ უნდა მივიდეთ ოპტიმალურ ვარიანტამდე, თარიღები გამოყონ, განსაზღვრონ ვალდებულებები და განხორციელების ვალდებულებას ავიღებთ ჩვენ" - აცხადებენ კომპანიაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი