პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი

11 ოქტომბერი 2019, 14:28 1572 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია. ბრალდებულები თბილისსა და რუსთავში აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მათი შეძენის მსურველებს, საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, აღნიშნული ადგილების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.

''ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში ერთი პირია დაკავებული. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი.

ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, მისი წევრები კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების ავტომანქანის, საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკისას, 170 აბი „სუბუტექსი და „სუბოქსინი“, 19 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, სავარაუდოდ, ე.წ. სირეცი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ კრისტალები, „ჰეროინი“ და „მეტადონის“ ნატეხები - კრისტალებისა და ფხვნილის სახით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კიდევ ერთი ნარკორეალიზატორის  პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება "ამფეტამინი", 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა".

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. პოლიციამ, 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი