პაატა შავაძე მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება. ადვოკატმა დამცინავი და შეურაცხმყოფელი ფრაზები თამთა თოდაძის მისამართით გამოიყენა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
შავაძე ქალის უცენზური სიტყვებით მოხსენიებას კომენტარებშიც აგრძელებს. ამასთან, დამცინავ განცხადებებს აკეთებს ეკა ბესელიასთან მიმართებითაც. მისმა პოსტებმა ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ მას პრეტენზია აქვს იყოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.
უფრო მეტიც, როგორც ჩანს შავაძის სურვილს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მოსაზრებებიც დაემთხვა - იგი 50-კაციან სიაშიც მოხვდა და იმ შემთხვევაში თუ ვაკანსია ისევ დარჩება, მას შანსი ისევ ეძლევა. იგი მის განცხადებებს გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს.