ოცნების 7 წელი. სწორედ ამდენი ხანია გასული, რაც არჩევნების გზით ქვეყნის მმართველობის სათავეებში, კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა. ამ ხნის განმავლობაში, ვიხილეთ კოჰაბიტაცია, არაერთი პოლიტიკური გაყრა, გაერთიანება, წარმატებები და წარუმატებლობები.
სამაგალითო დემოკრატიის, სამართლიანობის აღდგენისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების დაპირებებით მოსულ ხელისუფლებას, 7 წლის თავზე, ბევრ საკითხზე ედავებიან, როგორც ოპონენტი პოლიტიკური ძალებიდან, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. 2012 წელს, არჩევნების მოსაგებად, საერთო იდეებით გაერთიანებული კოალიცია მალევე დაიშალა.
პოლიტიკური განშორების შემდეგ კი, მასში შემავალი პარტიებიდან, მმართველი ძალის კრიტიკა, დღეისთვის, ყველაზე ხმამაღლა ისმის. სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მედიის მდგომარეობაზე ქვეყანაში, შერჩევით სამართალზე, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და სხვა არაერთ საკითხზე.