"მე ვფიქრობ, მიკროფონების რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ მედია საქართველოში პლურალისტურია" - ასე შეაფასა საქართველოში არსებული მედიაგარემო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე ბათუმში, ნატოს გენერალური ანსამბლეის კონფერენციაზე იმყოფებოდა.
ნატოს წევრებს, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეხვდნენ და მედიაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. მესამე სექტორის შეფასებით, მედიაგარემო პრობლემატურია და ხელისუფლება მის გაკონტროლებას ცდილობს.
კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მედიის წინაშე არსებულ პრობლემებზე არჩილ თალაკვაძე, ან რა პასუხი ჰქონდა პარტნიორების მხრიდან დასმულ ამ შეკითხვებზე, ის პირდაპირ არ პასუხობს.
"ქართული ოცნება მხარს უჭერს პასუხისმგებლიან და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. ვფიქრობ, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და პასუხისმგებლიან მედიას, ეს არის პრინციპი, რომლის ერთგულები დავრჩებით.
დანარჩენს, მიუთითებს მიკროფონების რაოდენობა და თქვენი საქმიანობა და მე ვფიქრობ, მიკროფონების რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ მედია საქართველოში პლურალისტურია" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ, 3 ოქტომბერს, ანსამბლეის წევრებს, მესამე სექტორმა ის საქმეები გააცნო, რომელსაც პროკურატურა იძიებს და ყველა იმ მედიასაშუალებას ეხება, რომელიც არ არის ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსი, სასამართლოს ძალით შეჩერდა. მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ხელოვნურად მოხდა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე საუბრობენ.
საქართველოში, ბოლო პერიოდში, პროკურატურაში სამი საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც სხვადასხვა არხის გენერალურ დირექტორებსა და ჟურნალისტებს უკავშირდება.
სამივე არხი, მკვეთრად ოპოზიციური არხები არიან და სახელისუფლებო გავლენებისგან დამოუკიდებელი.
პროკურატურას, რუსთავი 2 ყოფილი დირექტორის - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული, მას მილიონობით ლარის გაფლანგვას ედავებიან. ნიკა გვარამია გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული და მან, ამ პერიოდში "მთავარი არხი" შექმნა და მაუწყებლობაც დაიწყო.
ტვ პირველის გენერალური დირექტორის მამას, ავთო წერეთელს კი, პროკურატურა 11 წლის წინ არსებულ საქმეს ედავება, სადაც არც დაზარალებულია და არც მომჩივანი. ის სასამართლომ 500 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გუშინ, 3 ოქტომბერს, კიდევ ერთი ახალი არხის "ფორმულას" პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი და არხის გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე დაიბარეს. საქმის დეტალები უცნობია, რადგან მათ გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი პროკურორებმა.