ერთადერთი ქართველი ქალი ექიმი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც სტატია მიუძღვნეს

01 ოქტომბერი 2019, 11:37 1890 ნახვა

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბორჯღალოსნების ექიმი ნუცა შამათავა ერთადერთი ქალია, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ქართულ კლუბთან მუშაობს. „მსოფლიო რაგბმა“ მის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. 

ნუცა შამათავა ბორჯღალოსნებთან 12 თვეა მუშაობს. მან საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა 2015 წელს დაამყარა, როდესაც ის სამედიცინო კლინიკის დირექტორად დაინიშნა, რეაბილიტაციის მიმართულებით.

ამ 4 წლის განმავლობაში შამათავამ გაიარა „მსოფლიო რაგბის“ ყველა აუცილებელი კურსი და ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, „მიმართულია მოთამაშეთა კეთილდღეობისკენ“.

„როდესაც გუნდის ექიმი ხარ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს, რადგან ისინი უნდა გენდობოდნენ. ეს მთავარია ექიმისა და მოთამაშის ურთიერთობაში. თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“- ამბობს ნუცა შამათავა.

ბევრისათვის ასეთ დიდ ტურნირზე, სამშობლოდან 8 ათასი კილომეტრის დაშორებით მუშაობა რთული იქნებოდა, მაგრამ არა შამათავასთვის, რომლისთვისაც წელს პირველი მსოფლიო თასია - წერენ სტატიის ავტორები. 

''ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებში ქალი ექიმი მუშაობდა. თავდაპირველად ეს მოთამაშეებისთვისაც უცნაური იყო, ახლა ყველაფერი რიგზეა. არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ მთელი სარაგბო სამყაროსთვისაც უცნაურია ქალი ექიმი. მე ერთადერთი ქალი გუნდის ექიმი ვარ 2019 წლის მსოფლიო თასზე. იაპონია საინტერესოა უდიდესი კულტურითა და ისტორიით. ძალიან საინტერესოა მათი სისტემების მუშაობის ხილვა. მათ ძალიან თბილად, ოჯახის წევრებივით მიგვიღეს“.

საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 9:15 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში