“მოსამართლე გოცირიძე ყველა სტანდარტს გასცდა„ - აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსის შეჩერება

25 სექტემბერი 2019, 22:28 2932 ნახვა

"უვადოდ ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ, კობა გოცირიძემ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო - ასე აფასებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე  მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მე-4 კონკურსი განჩინების საფუძველზე შეაჩერა. 

მოსამართლე, კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის, გოგა კოხრეიძის სარჩელს დაეყრდნო, სადაც ის ამტკიცებს, რომ 22 აგვისტოს, მრჩეველთა საბჭოს სხდომას ერთ-ერთი წევრი, არა როგორც წევრი, არამედ როგორც დაინტერესებული მხარე ესწრებოდა. 

"გოგა კოხრეიძე არის ინიციატორი იმისა, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო კიდევ უფრო მეტ კრიზისში ჩააგდონ. დღეს ხელისუფლებამ ამ პროცესში სასამართლოც ჩართო, გარია და ისეთი გადაწყვეტილება მიიღო უვადოდ რამდენიმე ხნის წინ დანიშნულმა მოსამართლე გოცირიძემ, რომელიც მართლა ყველა სტანდარტს სცილდება. მან მრჩეველთა საბჭოს წევრი გამოაცხადა დაინტერესებულ კერძო პირად, რომელმაც შეიარა თურმე საბჭოს სხდომაზე“ -  ამბობს ზვიად ქორიძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული დირექტორის კონკურსი მოსამართლე კობა გოცირიძემ შეაჩერა. ის უვადო მოსამართლედ რამდენიმე თვის წინ გამწესდა.  

კობა გოცირიძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, კონტროლის პალატის დასკვნების საფუძველზე, ერთმანეთის მიყოლებით გაასამართლა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. მაშინ ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე კობა გოცირიძემ 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, კახი კალაძე კი – 17 მილიონი ლარით.

მაშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მოსამართლე კობა გოცირიძის საქმიდან აცილებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. ივანიშვილისთვის შეფარდებული ჯარიმა იმავე, 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.

კობა გოცირიძემ გაასამართლა ის 10 ადამიანიც, რომლებმაც 2011 წელს უზენაეს სასამართლოსთან გამართეს აქცია ლოზუნგით „მეც პატიმარი ვარ“. ადვოკატები ხშირად აცხადებენ, რომ მოსამართლე კობა გოცირიძე გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ, ტენდენციურად იღებს. - ამ ინფორმაციას გაზეთი ბათუმელები ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი