ბათუმის მერია, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია წინააღმდეგი არაა ''იაფი სახლის'' საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა გირაოთი შეუცვალონ - ამის შესახებ ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელიც შეიძლება სასამართლომ გაითვალისწინოს.
მერიის მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის საკითხის გადახედვა, სასამართლომ დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. პროკურატურა კი ფიქრობს, რომ ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. თვითმმართველობაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
''იაფი სახლის'' საქმეზე დაკავებული 7 პირის საქმეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
სასამართლო ვალდებულია წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების პატიმრობის მიზანშეწონილობას, 2 თვეში ერთხელ გადახედოს.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 7 პირი 30 მაისს დააკავეს. ბრალდებულებს შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.
წინა პროცესზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა, მოწმეები დაკითხეს. მანამდე კი, შეკითხვებს აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა უპასუხეს.