ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარის უმაღლეს საბჭოს და მთავრობას საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის დარღვევით საარჩევნო ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის საფუძველზეც უსკოს უფლება მიეცა, საუბნო კომისიის წევრებს ხელფასის სახით დანამატი მისცეს, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა. ცვლილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ კანონში არჩევნებამდე თვენახევარზე ნაკლები დროით შეიტანა, კანონით კი ნებისმიერი სახის საბიუჯეტო ცვლილება ან პროექტის დაფინანსება, არჩევნებამდე 2 თვით ადრე წყდება. ქართული ოცნების დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, რომელმაც ცვლილებებზე იმუშავა, აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევიათ. ალექსანდრე ჩიტიშვილის განმარტებით, დანამატი ხელფასის შემადგენელი ნაწილია, უსკოს ბიუჯეტი კი დეკემბერში დამტკიცდა.