ვის დაასახელებს ბათუმში მამუკა ხაზარაძე? საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების დროს, ანაკლიაში ბიზნესმენები გოჩა გუგუნავა და ავთო გოგიტიძე იმყოფებოდნენ.
მამუკა ხაზარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა, რომ "ლელოს" პრეზენტაციაზე ბათუმიდან ვინ იმყოფებოდა ზუსტად ვერ იხსენებს.
"სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რომელზე მეუბნებით. იმიტომ, რომ რამოდენიმე ადამიანი შემოგვემატა გახსნის წინ. ერთ-ერთი მათგანი, მე არ ვიცი სახელი და გვარი, ჩემი ბიძაშვილის პარტნიორია, მეორე პიროვნებას კი არ ვიცნობ, უბრალოდ არ ვიცი რომელი რომელია" - თქვა ხაზარაძემ.
ბიზნესმენი და უკვე პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის ყველგან, მათ შორის აჭარაშიც წარმატებულ პროფესიონალებს ეძებს და ბიძაშვილობით და მეგობრებით არ დაკომპლექტდება მისი პარტია.
"ვეძებთ პროფესიონალებს, ვისაც გაუკეთებია საქმე. ამიტომ ჩამოვალთ აჭარაში, სანამ რაღაცას გამოვაცხადებთ, გვინდა მოვიაროთ მთიანი აჭარა, ბათუმი, ქობულეთი, ხულო, ყველა კუთხე და დაველაპარაკოთ ხალხს. ჩვენ არ გვინდა გადაწყვეტილება მივიღოთ და ადამიანებს თავზე მოვახვიოთ. ქვემოდან დავიწყებთ იმ ადამიანების არჩევას, რომლებსაც ენდობა ხალხი. სწორედ ამიტომ, გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ'' - განაცხადა ხაზარაძემ.