მამუკა ხაზარაძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება - ამის შესახებ ინფორმაცია ხაზარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაფუძნდება. ანა ნაცვლიშვილი კი სიახლეებს, ინიციატივებსა და გეგმებს საზოგადოებას გააცნობს.
''ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან.
ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია'' - წერს მამუკა ხაზარაძე.
ანა ნაცვლიშვილი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად მუშაობდა.