პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

09 სექტემბერი 2019, 14:06 2160 ნახვა

საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge და online.naec.ge -  ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: 

• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული    წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; 

• ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს,  რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საფეხურის ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/  სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

• მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე. 

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 17 სექტემბრის 18:00  საათამდე  უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო რაიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს).

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი