ბოლო 7 წლის განმავლობაში, პრემიერის პოსტი საკუთარი განცხადებით უკვე ოთხმა პრემიერ მინისტრმა დატოვა.
ოთხივე მათგანი ''ქართული ოცნების'' წევრი იყო. წასვლის შემდეგ ყველამ თქვა, რომ ისინი ოცნებაში რიგით ჯარისკაცებად რჩებოდნენ.
წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრემიერ მინისტრის შეცვლის პარალელურად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებიც იცვლებოდნენ.
მთავრობის მეთაურის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა. ცვლილება მალევე განხორციელდა აჭარაში და რეგიონის მმართველად, არჩილ ხაბაძის ნაცვლად ზურაბ პატარაძე დაინიშნა.
კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ კი პატარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მალევე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.
რაც შეეხება მის წინამორბედს არჩილ ხაბაძეს, ის საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' სიით იყრიდა კენჭს და ამ დრომდე მოქმედი დეპუტატია.
ბათუმელებთან საუბარში თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ''მე ვაგრძელებ იმ ტვირთის და პასუხიმგებლობის ტარებას, რომელიც მე მაქვს აჭარის, აჭარის მოსახლეობის, თითოეული მაცხოვრებლის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ დინამიკას, რომელიც გვაქვს'' - თქვა რიჟვაძემ.
იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები აჭარაშიც? - ეს კითხვა მაუწყებელმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დაუსვა.
უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონში საკადრო გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის და საკითხი არ განიხილება.
''ცენტრალურ დონეზე განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ცვლილებები აჭარაშიც განხორციელდება'' - ამბობენ კანონმდებლები.
აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის უმრავლესობისთვის მისაღებია ის, რასაც ცენტრალურ დონეზე გუნდი გადაწყვეტს. მათ შორის გიორგი გახარიას კანდიდატურაც, თუ მას პრემიერ მინისტრად დანიშნავენ.
უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი, გია აბულაძე ამბობს, რომ ყველა საკითხს ქვეყანაში ერთი ადამიანი წყვეტს და სწორედ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული რეგიონის ბედიც.