სამართალდამცველებმა ბათუმში ავტომობილების ქურდობის 2 ფაქტი გახსნეს. საქმეზე პოლიციამ 3 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, დაკავებულმა ორმა ბრალდებულმა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომიდან ჯგუფურად მოიპარეს მოქალაქის კუთვნილი ტოიოტას მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულს გამოძიების თანახმად, მან მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი ის ცხელ კვალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალი ავტომობილით მუხაესტატეში გადაადგილდებოდა.
ორივე ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.