"ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად"- ბადრი ჯაფარიძე

27 აგვისტო 2019, 14:17 1781 ნახვა

თიბისი ბანკი დამფუძნებლებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის ორგანიზაციას ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, საქმე კი კრიმინალურ ფულს ეხება.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. 

''თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც სახელმწიფო უწყება ქვეყანას მიმართავს, ბრიტანელი კოლეგები ამას სერიოზულად იღებენ და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია.

ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც სამწუხაროდ აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთის ყადაღის გადაწყვეტილება უკვე მზად არის.

სასამართლოს, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რამე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფინანსური სახსრები უკანონოა, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში.

ჩვენ ბრიტანულ სამსახურებთან ვითანამშრომლებთ, მზად ვართ თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ.

რადგან ასეთი ნაბიჯი გადადგეს, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, ამიტომ მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს, მათი საფუძვლიანობის დასადგენად.

დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ვამხილოთ ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების გამოყენებით. ვაპირებთ გადავდგათ ნაბიჯები ისე, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით'' - განაცხადა ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ. 

ბადრი ჯაფარიძე პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს მოუწოდებს, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და მათ მიმართ ბრალდების შესწავლაში.

„ჩვენ ვაპირებთ, გადავადგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა ჩვენს საზოგადოებაში ან საერთაშორისო საზოგადოებაში ამ საქმის მიზეზებთან, შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის საელჩოს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული მთლიანად ამ პროცესში. ყველაზე დიდი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, არის სიმართლე და გამჭვირვალობა'' - განაცხადა ბრიფინგზე ჯაფარიძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი