აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ დირექტორობის ყოფილი კანდიდატი - დაიწყებს თუ არა უმაღლესი საბჭო უნდობლობის პროცესს 

26 აგვისტო 2019, 16:58 2015 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი მრჩეველთა საბჭოს წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას, აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ყოფილი კანდიდატი ფირუზ ბოლქვაძე ითხოვს. 

მაუწყებლის მოქმედმა ჟურნალისტმა უმაღლეს საბჭოს წერილობით უკვე მიმართა. განაცხადი აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 22 აგვისტოს შევიდა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის სახელზე შესულ წერილში ნათქვამია, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დაარღვია მაუწყებლობის შესახებ კანონი და მისი უნდობლობის პროცედურები უნდა დაიწყოს. 

ფირუზ ბოლქვაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს - იმის გამო, რომ მრჩეველთა საბჭომ 4 თვის განმავლობაში ვერ აირჩია დირექტორი, ამით დაარღვია პრიორიტეტების შესრულების ვადები. 

"დირექტორს რომ არ ირჩევენ, ამით ირღვევა ახალი პრიორიტეტების დამტკიცების ვადები და ძველის შესრულება არ არ ხდება, ეს კი პირდაპირ არღვევს მაუწყებლის შესახებ კანონს და კანონით ყველა საშუალებაა უნდობლობის პროცედურების გამოცხადების" - განაცხადა ჩვენთან საუბარში ფირუზ ბოლქვაძემ. 

მაუწყებელი დაუკავშირდა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ველოდებით მათ განმარტებებს. ასევე, ველოდებით შეფასებებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოდან.

აჭარის საზოგადოებრივი  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილება 17 ოქტომბერს,  დაახლოებით თვენახევარში ეწურება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევი კონკურსი,  მოქმედი მრჩევლების უფლებამოსილების გასვლამდე 50 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს - ამის შესახებ მაუწყებელს დეპუტატმა ილია ვერძაძემ უთხრა. ანუ შესაძლებელია კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება 28 აგვისტოს გახდეს ცნობილი.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 17 ოქტომბერს დატოვებენ - ნატა იმედაიშვილი და გიორგი ირემაძე. ბეჟან გობაძე და ირაკლი დარმელიძე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.  საბჭოში ახლადშესული წევრი  - გიგა ჩხარტიშვილი კი კიდევ რამდენიმე წელი იმუშავებს. 

ფირუზ ბოლქვაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ მესამე კონკურსის გასაუბრებაზე განაცხადა. მან უნდობლობა გამოუცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრებს და თქვა, რომ წინასწარ ცნობილია დირექტორის ვინაობა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, გუშინ, 25 აგვისტოს, დირექტორის ასარჩევად მეოთხე კონკურსი გამოაცხადა. წინა სამი კონკურსი კი ჩავარდა. 

სამი მრჩეველის ხმა ვერცერთმა კანდიდატმა, ვერცერთ კონკურსზე ვერ მიიღო. ხმები რამდენჯერმე 2 კანდიდატს შორის გაიყო, გადამწყვეტი მესამე ხმა კი დირექტორობის მსურველმა ვერ მოიპოვა. 

მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გადააყენეს. იმპიჩმენტის პროცედურა საბჭოს ორმა წევრმა დაიწყო, კენჭისყრის დღეს კი გადაწყვეტილებას მხარი 4-მა მრჩეველმა დაუჭირა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი