სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თავართქილაძე და მოქალაქე ზაზა თ. დღეს აიყვანეს.
სუს-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ნათესავთან შეთანხმებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.
''ჯამბულ თ-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
''ქართული ოცნების'' დეპუტატის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.