მოქალაქეებს, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ, შანსი ეძლევათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც განათლების სამინისტრო რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
პედაგოგობის მსურველებს გამოცხადებული ვაკანსიების ნახვა www.pedagogi.ge-ზე შეეძლებათ.
განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლაში საათების განაწილება ჯერ შიდა რესურსით მოხდება, შემდეგ კი სასწავლო დაწესებულება ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოაცხადებს.
განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცესი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
''ვებგვერდზე იტვირთება სკოლების ვაკანსიები. სკოლას საათების განაწილება უნდა მოეხდინა ჯერ შიდა რესურსით, რადგან სკოლაში მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საათები დაიმატონ. ამ გადაწყვეტილებას თავად სკოლები იღებენ, თუმცა, სადაც ვაკანსია წარმოიშვება, ამ ინფორმაციას დირექტორები კონკრეტულ ვაკანსიებს ვებგვერდზე განათავსებენ. ასევე პირებს, რომლებსაც სურთ სკოლაში დასაქმება, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის საინტერესო ვაკანსია, შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე, როგორც მასწავლებლობის მსურველები. კონკურსების გამოცხადება თვის ბოლოს დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლები აჯამებენ ინფორმაციას კონკრეტული ვაკანსიების შესახებ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.
სკოლებში ვაკანტური ადგილები, საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების სკოლიდან წასვლის შემდეგ გაჩნდა.
განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლის ნებაყოფლობით დატოვებისა და ფულადი ჯილდოს მისაღებად პირველ ეტაპზე 6 000 საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი დარეგისტრირდა.