პროკურატურის განცხადებით, თიბისი ბანკის საქმეზე ავთანდილ წერეთელს დღეს, 22 აგვიტოს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ის tv პირველის მფლობელის ვატო წერეთლის მამაა.
პროკურორის თქმით, მოგვიანებით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართავენ.
''გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)'' - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ავთანდილ წერეთელი “სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელია.
8 აგვისტოს სასამართლოში დაკითხვის შემდეგ, ტვ პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ საგამოძიებო უწყებას მისი ოჯახის წევრებმზე, კერძოდ კი მამამისზე სურდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დასაზუსტებლად ასევე დაბარებულები არიან, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მსვლელობისას, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.