„რუსთავი 2-ის დახურვა ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც იძახდა რომ აუცილებლად დახურავს ამ არხს - ამას მიაღწიეს“ - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესები შეაჯამა.
„ჩვენ გვესმოდა, როგორ იძახდნენ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ ეს იყო დავა კერძო მესაკუთრეებს შორის და ამას არანაირი კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან. სულ რამდენიმე კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი , რაც ყველაზე მეტად უნდოდათ ქიბარ ხალვაშის ხელით გაკეთებულიყო, ის გააკეთეს.ქიბარის სახით რაც უნდოდათ ზუსტად იმას აკეთებენ - ცვლიან, ამსხვრევენ სარედაქციო პოლიტიკას, აჩუმებენ კრიტიკულ აზრს, დევნიან კონკრეტულ ჟურნალისტებს“ - ფიქრობს დეპუტატი.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ამ პროცესებმა თავის დროზე დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის ენ-ტე-ვეს შემთხვევა გაახსენა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო და კრიტიკული არხის სარედაქციო პოლიტიკა ძალადობით შეცვალა და პროსახელისუფლებო გახადა.
„ეს მედიასთან ურთიერთობის ის მოდელია, რომელიც პოსტსაბჭოთა არადემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს, როდესაც ჩუმდება მედია, დევნა ხდება ტელევიზიების და იცვლება სარედაქციო პოლიტიკა. თავისთავად, როცა კურიერი არ გადის ეთერში, უკვე ძალიან მძიმე ქართული მედია სივრცისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამისთვის აუცილებელია ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ძალაუფლება შეინარჩუნოს ზუსტად ამ გზით - რეპრესიებით, მედიის უკვე ღიად გაჩუმებით, დევნით“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.